Oreo-ს მწარმოებელი კომპანია Aldi-ს მსგავსი შეფუთვის გამო უჩივის

ივნისი 6, 2025
ორეოს ორცხობილა

Oreo-ს ორცხობილების მწარმოებელმა კომპანია Mondelez International-მა აშშ-ში სუპერმარკეტების ქსელ Aldi-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. Mondelez აცხადებს, რომ Aldi-მ Oreo-ს და სხვა პოპულარული საჭმელების, როგორიცაა Ritz, Wheat Thins, Chips Ahoy! და Nutter Butter, შეფუთვა დააკოპირა.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, Mondelez აცხადებს, რომ Aldi-მ მისი პროდუქციის შესატყვისი შეფუთვა გამოიყენა, რათა მომხმარებლები შეცდომაში შეეყვანა და ბრენდის პოპულარობით სარგებლობა მოეხდინა.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით Aldi-ს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა Aldi-მ „კოპირებული“ შეფუთვით პროდუქციის გაყიდვა განაგრძო.

Mondelēz Aldi-ს სავაჭრო ნიშნის დარღვევაში, არაკეთილსინდისიერ კონკურენციასა და უსამართლო გამდიდრებაში ადანაშაულებს. ის სასამართლოს ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და აცხადებს, რომ Aldi-ს ქმედებებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ბრენდს.

Aldi US-მა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა Aldi UK-მა, რომელიც იმავე ჯგუფის საკუთრებაშია, განაცხადა, რომ ის ცალკე კომპანიაა და საქმეში არ არის ჩართული.