ორი ცნობილი ბრენდის პარტნიორობა დაწყებიდან ორ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ შეწყდა, მთავარ მიზეზად კი ხარჯების პრობლემა სახელდება.
თანამშრომლობამ, რომელიც ოფიციალურად 2024 წლის დასაწყისში დაიწყო, Krispy Kreme-ის დონატები დაახლოებით 2400 McDonald’s-ის ლოკაციაზე გამოჩნდა. თავდაპირველად, მისი გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით 2026 წლისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, ორმა კომპანიამ განაცხადა, რომ პარტნიორობა 2 ივლისს დასრულდება.
“ხარჯების მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც პარტნიორობა ჩვენთვის არამდგრადი გახადა”, – თქვა ჯოშ ჩარლზვორთმა, Krispy Kreme-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. კარგი თანამშრომლობისა და მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურების მიუხედავად, ფინანსური მოდელი დონატების ქსელისთვის მომგებიანი არ გამოდგა.
Krispy Kreme გეგმავს მდგრად ზრდაზე ფოკუსირებას აშშ-ში საკუთარი ოპერაციების გაფართოებით, ასევე, საერთაშორისო ბაზრის განვითარებას და დიდი მოცულობის საცალო ვაჭრობის სასურსათო მაღაზიებთან პარტნიორობას.
ამასობაში, McDonald’s-მა აღნიშნა, რომ დონატების გაყიდვები მისი საუზმის ბიზნესის მცირე ნაწილს შეადგენდა. სწრაფი კვების გიგანტი ყურადღებას უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებზე ამახვილებს – მათ შორის Snack Wrap-ის დიდი ხნის ნანატრ დაბრუნებაზე.