ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა ვეგანური კვება, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული.
თუმცა, ვეგანიზმი უფრო მეტია, ვიდრე დიეტა ან კვების ტიპი. ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც კონკრეტულ იდეას ეფუძნება.
ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის ვეგანური კვება, რა ტიპები არსებობს და რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
რა არის ვეგანური კვება
ვეგანური კვება ორიენტირებულია მთლიანად მცენარეულ საკვებზე – ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, თხილეული და ა.შ. ის გამორიცხავს ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს, როგორიცაა ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი და თაფლიც კი.
ვეგანიზმი არ არის მხოლოდ კვების შეზღუდვა. მისი მთავარი იდეაა ცხოველთა ექსპლუატაციისა და სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლა. ვეგანი უარს ამბობს როგორც ცხოველურ საკვებზე, ასევე ტანსაცმელზე და კოსმეტიკაზე.
თუმცა, ადამიანები სხვადასხვა მიზნით მისდევენ ვეგანურ კვებას. ზოგს სურს შეამციროს ცხოველთა კვლა და ამისთვის იბრძვის. ზოგს კი სურს ჯანსაღად კვება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
თუ გსურთ დაიცვათ ვეგანური დიეტა, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი რამ გაიგოთ მის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეულ კვებას ბევრი უპირატესობა აქვს, შეიძლება გარკვეული პრობლემებიც გამოიწვიოს.
ვეგანიზმი და ვეგეტარიანული კვება
ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ვეგანიზმი და ვეგეტარიანული კვება, რადგან კვების ამ ორ ტიპს ბევრი საერთო აქვს. მაგრამ ვეგანური დიეტა უფრო მკაცრია ვიდრე ვეგეტარიანული.
ვეგეტარიანელები არ ჭამენ ცხოველის, ფრინველის და თევზის ხორცს, თუმცა მიირთმევენ რძის ნაწარმს, კვერცხს. მიუხედავად იმისა, რომ კვების ორივე ტიპის იდეა ერთნაირია, ვეგანური კვება გაცილებით მკაცრია.
ვეგანური კვების ტიპები
არსებობს ვეგანური კვების სხვადასხვა ტიპი. მართალია მიზანი და ზოგადად იდეა ყველას ერთ აქვს, თუმცა განსხვავება არის დიეტის ტიპში.
ქვემოთ განხილულია ვეგანური დიეტის ყველაზე გავრცელებული ტიპები.
ნედლი საკვებით კვება
ამ ტიპის კვების დროს ხდება მხოლოდ ნედლი, ცოცხალი ხილის, ბოსტნეულის, თხილეულის და ფერმენტირებული საკვების მიღება.
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საკვების მოხარშვის ან შეწვის დროს მცირდება საკვები ნივთიერებების რაოდენობა, მაგალითად, როგორიცაა B და C ვიტამინები.
მართალია ამ დროს ორგანიზმი იღებს ბევრ სასარგებლო ვიტამინს, თუმცა ის საკმაოდ შემზღუდველია. ამ ტიპის კვების დროს ორგანიზმი ნაკლები რაოდენობით იღებს ცილებს, კალციუმს, რკინას და იოდს.
ვეგანური კეტო
კეტო დიეტა არის ძალიან დაბალი ნახშირწყლების, ცხიმიანი და საშუალო რაოდენობის ცილების დიეტა. მართალია ის მდიდარია ცხოველური საკვებით, თუმცა შესაძლებელია მისი ადაპტირება ვეგანური კვებისთვის.
ფოკუსირება ხდება ცხიმიან ვეგანურ საკვებზე, როგორიცაა ავოკადო, თხილი, ქოქოსის და ზეითუნის ზეთი. იზღუდება მარცვლეული და მისგან დამზადებული საკვები, როგორიცაა პური და მაკარონი.
ასევე, უნდა შეზღუდოთ სახამებლის შემცველი ბოსტნეული – კარტოფილი, სიმინდი, ლობიო და შაქრის შემცველი ტროპიკული ხილი, როგორიცაა ანანასი, მანგო, ბანანი.
ხმელთაშუა ზღვის ვეგანური დიეტა
ეს არის პოპულარული ხმელთაშუა ზღვის დიეტის ვეგანური ვერსია. ის მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, თხილით და უჯერი ზეთებით.
ორიგინალური დიეტისგან განსხვავებით, მას აკლია ცილებით მდიდარი საკვები – თევზი, რძის პროდუქტები და კვერცხი. ეს არის უსაფრთხო დიეტა ყველა ადამიანისთვის, თუ საკმარისი რაოდენობით ხდება ცილების, ვიტამინების და მინერალების მიღება.
ვეგანიზმის დადებითი მხარეები
კვლევების მიხედვით, ვეგანურ კვებას მრავალი დადებითი თვისება აქვს. მაგალითად, ის ამცირებს კიბოს რისკს, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციონირებას და ა.შ.
თუმცა, ამ უპირატესობებიდან გამოსაყოფია რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი თვისება.
წონაში დაკლება
ვეგანური დიეტა ხშირად ასოცირდება წონაში კლებასთან, რადგან ვეგანებს აქვთ უფრო დაბალი სხეულის მასის ინდექსი. შესაბამისად, ბევრი ადამიანი ვეგანიზმს ირჩევს წონაში დასაკლებად.
სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს იმას, რომ ვეგანური კვება უფრო ეფექტურია წონის დაკლებისთვის, ვიდრე სხვა დიეტები. ამ რეკომენდაციას იძლევა ამერიკის გულის ასოციაციაც (AHA).
ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კალორიების დაბალი რაოდენობის მიღება, რაც სავარაუდოდ, ბოჭკოების მაღალი მოხმარებით არის განპირობებული.
შაქრის დონის რეგულირება
ვეგანიზმმა შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას და შეამციროს ტიპი 2 დიაბეტის რისკი. კვლევებმა აჩვენა, რომ ვეგანებს აქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონე და მაღალი მგრძნობელობა ინსულინის მიმართ.
გარდა ამისა, ვეგანური კვება ამცირებს სისხლში შაქრის დონეს დიაბეტის მქონე ადამიანებში 2.4-ჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე დიეტები, რომლებიც რეკომენდებულია ძირითადი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ.
ეს უპირატესობა შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს ვეგანურ დიეტებში ბოჭკოების მაღალი რაოდენობით, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის ზომიერ მატებას.
გულის ჯანმრთელობა
ასევე, ამ ტიპის კვებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს გულის ჯანმრთელობას. კვლევების თანახმად, ვეგანებს აქვთ არტერიული წნევის განვითარების და გულის დაავადებისგან სიკვდილის დაბალი რისკი.
დამატებით, სხვა დიეტებისგან განსხვავებით, ვეგანიზმი უფრო ეფექტურია LDL (ცუდი) ქოლესტერინის და მთლიანი ქოლესტერინის შესამცირებლად.
ეს ერთ-ერთი უმთავრესი დადებითი თვისებაა, რადგან არტერიული წნევის, ქოლესტერინის და სისხლში შაქრის დონის შემცირებამ შეიძლება გულის დაავადების რისკი შეამციროს 46%-მდე.
შეჯამება
ვეგანური კვება აგებულია მცენარეულ საკვებზე და გამორიცხავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. ეს არის უფრო კვების და ცხოვრების სტილი, ვიდრე დიეტა. არსებობს მისი სხვადასხვა ტიპი და ზოგადად, ამ კვებას მრავალი დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.