დანგო, იაპონური კულინარიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მრავალფეროვანი დესერტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა.
ის არა მხოლოდ უნიკალური და გემრიელია, არამედ იაპონური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა და კავშირშია ამ ქვეყნის ტრადიციებთან.
რა არის დანგო
დანგო არის ტრადიციული იაპონური ტკბილეული, რომელიც მიეკუთვნება ვაგაშის (იაპონური საკონდიტრო ნაწარმი). ის მზადდება ჩვეულებრივი ბრინჯის ფქვილისა და წებოვანი ბრინჯის ფქვილის ნარევიდან.
როგორც წესი, მას შამფურზე აცმევენ, რომელსაც კუში-დანგო ეწოდება და მას ზემოდან ასხამენ სხვადასხვა ტკბილეულს – ტკბილი სოიას სიროფი, შაქარი და ა.შ. ის ძალიან პოპულარული ქუჩის საკვებია. ხშირად მას მწვანე ჩაისთან ერთად მიირთმევენ.
მიუხედავად იმისა, რომ დანგო და მოჩი ჰგავს ერთმანეთს, ერთმანეთისგან განსხვავებული დესერტებია. მოჩი მხოლოდ წებოვანი ფქვილისგან მზადდება.
ისტორია
ბევრის მოსაზრებით, დანგოს წარმოშობა სათავეს დაახლოებით ორი ათასი წლის წინ იღებს. მისი ადრეული ვერსია შექმნეს მონადირე-შემგროვებლებმა, რომლებიც თხილს ურევდნენ ბრინჯის ფაფას და გამოჰყავდათ პატარა ბურთულები. ეს პრეისტორიული მეთოდი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თანამედროვე დანგოს წინამორბედი.
ყველაზე ადრეული წერილობითი ჩანაწერი დანგოს შესახებ თარიღდება ჰეიანის პერიოდით (794-1185), სადაც იგი ნახსენებია ცნობილი იაპონელი პოეტის, სეი შონაგონის ლექსში. მურომაჩის პერიოდში (1336-1573) დანგოს შამფურებზე აცმა პოპულარული გახდა. ედოს პერიოდში კი დანგო უკვე პოპულარული იყო.
მომზადების წესი
დანგო მზადდება ბრინჯის ფქვილისგან, კონკრეტულად მოჩიკოსგან (ტკბილი ბრინჯის ფქვილი) ან ჯოშინკოსგან (ჩვეულებრივი ბრინჯის ფქვილი). დანგოს დამზადების ზოგადი პროცესი მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
- შერევა: ბრინჯის ფქვილს ურევენ წყალს ცომის შესაქმნელად. ცომი უნდა იყოს გლუვი.
- ფორმირება: ცომი იყოფა პატარა, თანაბარ ნაწილად და ეძლევა პატარა ბურთის ფორმა.
- ადუღება: ცომის ბურთულებს ადუღებენ წყალში, სანამ ზედაპირზე არ ამოვა.
- გაგრილება: მოხარშული დანგო გადააქვთ ცივ წყალში, რათა შეაჩეროს მოხარშვის პროცესი და გამაგრდეს.
- შამფური: გაცივებული დანგოს ბურთულებს, როგორც წესი, ბამბუკის შამფურზე აცვამენ, თითოზე 3-5 ბურთულა.
- შეწვა (სურვილისამებრ): არომატისთვის შეიძლება დანგოს ბურთულების გრილზე შეწვა.
- არომატი: დანგო შეიძლება მიირთვათ პირდაპირ ან დაამატოთ ტოპინგი – სოიას სიროფი, მწვანე ჩაის ფხვნილი შაქრით, სეზამის მარცვლები და სხვა.
დანგოს ნაირსახეობები
იაპონიის სხვადასხვა რეგიონში და სეზონისთვის არსებობს დანგოს ვარიაციები, რომლებიც მოიცავს ადგილობრივ ინგრედიენტებსა და არომატებს.
ქვემოთ ჩამოთვლილია დანგოს პოპულარული ვერსიები.
- ჰანამი დანგო: ასევე ცნობილი როგორც სანშოკუ დანგო, ასოცირდება ალუბლის ყვავილობასთან. მას აქვს ვარდისფერი, თეთრი და მწვანე ფერები და მათი თანმიმდევრობა განასახიერებს ალუბლის კვირტებს, სრულ ყვავილობას და ფოთოლცვენას.
- მიტარაში დანგო: ეს პოპულარული ვერსია დაფარულია სიროფით, რომელიც დამზადებულია სოიას სოუსით, შაქრით და სახამებლით. უნიკალური ტკბილი გემო მას ძალიან პოპულარულს ხდის.
- იომოგი დანგო: იგივე კუსა დანგო, შეიცავს მამულას ფოთლებს, რაც მას გამორჩეულ მწვანე ფერს და მცენარეულ არომატს აძლევს. მას ხშირად მიირთმევენ ტკბილ წითელ ლობიოს პასტასთან ერთად.
- კიბი დანგო: ფეტვის ფქვილით დამზადებული დანგო, რომელიც გვხვდება იაპონურ ხალხურ ზღაპარში “მომოტარო” (Momotaro).
- სასა დანგო: მისი ორი სახეობა არსებობს – ონნა დანგო (ქალი დანგო) ტკბილი წითელი ლობიოს პასტით და ოტოკო დანგო (მამაკაცი დანგო) კინპირათი და გახვეულია ბამბუკის ფოთოლში.
შეჯამება
ისტორიით მდიდარი და მრავალფეროვნებით გამორჩეული დანგო წარმოადგენს იაპონური კულინარიის განძს. ეს არის კულტურული სიმბოლო, რომელიც ასახავს იაპონურ ტრადიციებს და კულინარიულ ოსტატობას. დანგოს უნიკალური ტექსტურა და მრავალფეროვანი არომატი მას აქცევს საყვარელ საკვებად როგორც იაპონელებისთვის, ისე უცხოელი გურმანებისთვის.