ხილის დიეტა დასახელებიდან გამომდინარე გულისხმობს კვების წესის ცვლილებას და ხილზე გადასვლას, თუმცა არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა.
ამ შემთხვევაში, განხილულია ფრუტარიანიზმი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ ხილის მირთმევას და სხვა ტიპის საკვების მთლიანად ამოღებას რაციონიდან.
რა არის ხილის დიეტა
არსებობს ხილის დიეტა, რომელიც შეიმუშავა დიეტოლოგმა ჯეი რობმა და ის გულისხმობს ბოსტნეულის და ხილის დიდი რაოდენობის მიღებას მხოლოდ სამი დღის განმავლობაში.
თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ხილის დიეტას, რომელიც არის ძალიან მკაცრი ვეგანური დიეტის ტიპი. აქ გამოირიცხება ყველა ცხოველური პროდუქტი და მისი მიმდევრები მიირთმევენ ცოცხალ ხილს.
შეიძლება ბოსტნეულის და თხილეულის მიღება ზომიერად. შეზღუდული ან მთლიანად ამოღებულია მარცვლეული და პარკოსნები. ასევე, არ შეიძლება მოხარშული ხილის მირთმევა.
რა თქმა უნდა არსებობს მისი ვარიაციები – ზოგი მხოლოდ ხიდან ჩამოვარდნილ ხილს მიირთმევს, ზოგი მხოლოდ დაკრეფილ ხილს მიირთმევს და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ ხილის დიეტა ძალიან შემზღუდველია და ბევრ რისკს შეიცავს, აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმთან ან დიეტოლოგთან.
დადებითი მხარეები
თუ ზომიერად მიირთმევთ ხილს, მას მრავალი დადებითი მხარე აქვს და სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის. ის კვების ძალიან კარგი ნაწილი შეიძლება იყოს.
ხილი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც გვეხმარება ქოლესტერინის შემცირებაში და ნაწლავების რეგულარულ მოძრაობაში.
ფორთოხალი და მარწყვი შეიცავს C ვიტამინს, რაც სასარგებლოა კბილებისთვის, ღრძილებისთვის და იმუნური სისტემისთვის.
ბანანი და მანგო შეიცავენ კალიუმს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი არტერიული წნევის შენარჩუნებას და ორგანიზმში სითხის ბალანსის რეგულირებას.
ქლიავი და კენკრა კი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კარგი საშუალებაა კანის ჯანმრთელობისთვის.
უარყოფითი მხარეები
ხილზე დაფუძნებულ დიეტას აკლია რამდენიმე საკვები ნივთიერება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ცილა, კალციუმი, ცხიმი, B ვიტამინი, ომეგა 3 და ა.შ.
რადგან ეს ძალიან მკაცრი დიეტაა, შეიძლება შეიქმნას არასრულფასოვანი კვების პრობლემა. ორგანიზმი შეიძლება შიმშილის რეჟიმში გადავიდეს და შეანელოს მეტაბოლიზმი.
ასევე არის ანემიის, დაღლილობის და იმუნური სისტემის დაქვეითების რისკიც. დროთა განმავლობაში კალციუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი.
ხილის დიეტაზე გადასვლა
თუ გსურთ ამ დიეტაზე გადასვლა, აუცილებელია ეს იყოს ეტაპობრივი პროცესი. თანდათანობით დაიწყეთ ჩვეულებრივი საკვების ჩანაცვლება ხილით.
რაციონიდან ნელ-ნელა ამოიღეთ ალკოჰოლი, ცხოველური პროდუქტები, გადამუშავებული საკვები, კოფეინი და დაიწყეთ ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის დამატება.
ხილი და ბოსტნეული მთავარია იყოს ცოცხალი და შეგიძლიათ მიირთვათ ფორთოხალი, კენკრა, ქლიავი, ვაშლი, ავოკადო, ბანანი, ლეღვი, ყურძენი, კიტრი, გოგრა, ბულგარული წიწაკა და ა.შ.
თუ მხოლოდ ხილზე გადასვლა გსურთ, ნელ-ნელა ბოსტნეულიც უნდა ამოიღოთ დიეტიდან. ასევე, სვით წყალი, ქოქოსის წვენი ან 100% ხილის წვენი მთელი დღის განმავლობაში.
დიეტის დროს მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და თუ ეს დიეტა ამისთვის საკმარის ენერგიას არ გაძლევთ, საჭიროა კვების გეგმის შეცვლა.
შეჯამება
ხილის დიეტა, განსაკუთრებით ფრუტარიანიზმი, არის შემზღუდველი კვების რეჟიმი. მიუხედავად ხილის მრავალი სასარგებლო თვისებისა, ეს დიეტა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებით. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე და დიეტოლოგის რჩევები.