წონის დასაკლებად, ბუნებრივია, გსურთ ჯანსაღი საკვები მიირთვათ. საზამთროს დიეტა კი ძალიან პოპულარული და მიმზიდველი გახდა ბოლო წლებში.
ის ძალიან ჰგავს 1970-იან წლებში პოპულარულ გრეიპფრუტის დიეტას, რომელიც პოპულარული გახადა ბრუკ შილდსმა.
მაგრამ რას გულისხმობს ეს მოდური დიეტა, მუშაობს თუ არა და რაც მთავარია, უსაფრთხოა თუ არა?
რა არის საზამთროს დიეტა
საზამთროს დიეტის დროს თქვენ მიირთმევთ მხოლოდ საზამთროს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ზოგადად ეს გრძელდება სამიდან შვიდ დღემდე და შემდეგ უკვე მიირთმევთ ჩვეულებრივ საკვებს საზამთროსთან ერთად ან მის გარეშე.
ვინაიდან საზამთრო შეიცავს მცირე ოდენობით კალორიებს – 1 ჭიქა კუბებად დაჭრილი საზამთრო დაახლოებით 46 კალორიას შეიცავს, ეს ძალიან დაბალკალორიული დიეტაა და ის უფრო გამწმენდ ან დეტოქსიკაციის დიეტად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ YouTube-ზე ნახავთ მრავალ ვიდეოს, სადაც ადამიანები აცხადებენ, რომ საზამთროს დიეტა მათ დაეხმარა წონის დაკლებაში, ექსპერტების აზრით, მხოლოდ საზამთროს ჭამა კარგი იდეა არ არის.
დადებითი მხარეები
საზამთრო ჯანსაღი საკვებია და მასში 90%-ზე მეტი წყალია, ამიტომ ის დატენიანების კარგი წყაროა. მასში არ არის ცხიმი ან ქოლესტერინი და შეიცავს ნატრიუმის მცირე რაოდენობას.
საზამთრო შეიცავს:
- ვიტამინი A, რომელიც კარგია მხედველობისთვის, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ებრძვის ანთებას.
- ვიტამინი C, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს.
- ლიკოპენი, ანტიოქსიდანტი, რომელიც ეხმარება დნმ-ის დაზიანების თავიდან აცილებას და თქვენი იმუნური სისტემის გაუმჯობესებას.
- ციტრულინი, ამინომჟავა, რომელიც შეიძლება დაეხმაროს არტერიული წნევის შემცირებას და კარგია ვარჯიშის დროს.
რისკები
თუ გსურთ ცადოთ საზამთროს დიეტა, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.
პირველ რიგში, შიმშილმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, გაღიზიანება და კონცენტრირების გართულება. ასევე, საზამთროს გარდა არაფრის ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და დიარეა.
თუ ვარჯიშობთ, კალორიების და საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ შესაძლოა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან სისუსტე გამოიწვიოს. დამატებით, ამ დიეტის ხანგრძლივმა დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი ქსოვილის დაკარგვა.
საზამთროს დიეტის დაცვა სასურველი არ არის გრძელვადიან პერსპექტივაში და წონის დაკლების მიზნით გამოყენებისას, დიდი ალბათობით ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. ამ მიზნით უმჯობესია გამოიყენოთ წიწიბურას დიეტა.
საზამთროს დიეტა და წონაში დაკლება
მხოლოდ საზამთროს მირთმევით (რომელიც ძირითადად წყალია), თქვენ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში შეამჩნევთ წონის ცვლილებას. თუმცა, საზამთროს დიეტა არის მოკლევადიანი გამოსავალი და არ არის წონის დაკლების საუკეთესო პრაქტიკა.
დიახ, ის პოპულარული და მიმზიდველია, რადგან მარტივი და ხანმოკლეა. თუმცა, რაციონიდან სხვა საკვების ამოღებით და მხოლოდ საზამთროზე ფოკუსირებით, თქვენ ვერ მიიღებთ საჭირო ვიტამინებს და ნივთიერებებს.
შეჯამება
ასე, რომ საზამთროს დიეტა მუშაობს მოკლე პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი რამ, რასაც მიიღებთ წონის დაკლებისთვის. მხოლოდ ერთი პროდუქტის მიღებით, თქვენ ორგანიზმს აკლებთ ცილებს და ჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებია.