ბოლო წლებში კეფირის დიეტა გახდა პოპულარული და უნიკალური საშუალება წონის მართვისთვის და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.
ამის მიზეზი არის ის, რომ ეს ფერმენტირებული რძის პროდუქტი, მდიდარია პრობიოტიკებითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ კეფირზე დაფუძნებულ დიეტაზე, მის სარგებელზე და კეფირის კვების რაციონში ჩართვის გზებზე.
რა არის კეფირის დიეტა
კეფირის დიეტა არ არის ერთიანი კვების გეგმა ან კონკრეტული დიეტის ტიპი. არამედ, ეს არის მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია კეფირის რეგულარულ მოხმარებაზე.
ეს პრობიოტიკებით მდიდარი სასმელი სათავეს იღებს კავკასიის მთებიდან და მზადდება რძის დუღილის შედეგად, კეფირის მარცვლებთან ერთად (ბაქტერიების და საფუვრის კომბინაცია).
სხვადასხვა კვების ტიპებში გვხვდება კეფირი, როგორც წონის დაკლების საშუალება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი დიეტა – მოკლევადიანი, გრძელვადიანი, მარტივი თუ რთული.
ასე, რომ არ არის აუცილებელი მხოლოდ კეფირის მიღება დიეტის დროს. არამედ, უნდა მოხდეს მისი ჩართვა გარკვეულ კვების გეგმაში.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
ნებისმიერი დიეტური მიდგომის მსგავსად, კეფირის დიეტას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მათი ცოდნა დაგეხმარებათ განსაზღვროთ, შეესაბამება თუ არა ეს დიეტა თქვენს ჯანმრთელობის მიზნებსა და ცხოვრების წესს.
დადებითი მხარეები:
- მდიდარია პრობიოტიკებით: კეფირი სავსეა სასარგებლო ბაქტერიებით, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის ჯანმრთელობას. ამ პრობიოტიკმა შეიძლება გააუმჯობესოს საჭმლის მონელება და მეტაბოლიზმი.
- წონის მართვა: ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კეფირის დახმარებით შესაძლებელია სხეულის მასის ინდექსის რეგულირება და წელის გარშემოწერილობის შემცირება.
- ნუტრიენტებით სავსე: კეფირი სავსეა ცილებით, კალციუმით და სხვადასხვა აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით. ცილა ხელს უწყობს სისავსის შეგრძნებას, ხოლო კალციუმი წვავს ცხიმს.
უარყოფითი მხარეები:
- რძეზე დაფუძნებული: მათთვის, ვისაც ლაქტოზას აუტანლობა ან რძის პროდუქტების მიმართ ალერგია აქვს, კეფირზე დაფუძნებული დიეტა არ არის რეკომენდებული.
- კალორიული შემცველობა: კეფირი შეიცავს კალორიებს და მისმა დიდი რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება შეაფერხოს წონაში კლება.
- საჭმლის მონელება: ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დროებითი დისკომფორტი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, როგორიცაა შებერილობა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.
რა ვჭამოთ კეფირის დიეტის დროს
ამ დიეტის დროს, აუცილებელია დაბალანსებული კვების გეგმა. თქვენ უნდა მიირთვათ გარკვეული საკვები და კეფირი იქნება კვების რაციონის დანამატი.
რა თქმა უნდა, არის საკვები რომელიც უნდა მიიღოთ კეფირის დიეტის დროს, თუმცა ასევე არის გარკვეული საკვები, რომლის მიღებაც არ არის სასურველი.
შეგიძლიათ მიირთვათ:
- ხილი: ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, კენკრა
- ბოსტნეული: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა
- ხორცი: ქათამი, თევზი
- მარცვლეული: კინოა, ყავისფერი ბრინჯი, შვრია
არ მიირთვათ:
- შაქარი: გაზიანი სასმელები, ტკბილეული
- ალკოჰოლი: ლუდი, ღვინო, ვისკი
- ბოსტნეული: სიმინდი, კარტოფილი, ბარდა
- ხილი: ბანანი, ყურძენი
უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ თუ როგორია კეფირის დიეტის კვების რაციონი, ქვემოთ წარმოდგენილია ერთი დღის მენიუს მაგალითი.
- საუზმე: დაიწყეთ დღე კეფირის სმუზით. აურიეთ ერთი ჭიქა კეფირი, ერთი მუჭა შერეული კენკრა და ერთი სუფრის კოვზი ჩიას თესლი.
- სადილი: მოამზადეთ სალათა შემწვარი ქათმის მკერდით, ჩერი პომიდვრით, კიტრით და კეფირით. შეგიძლიათ დაამატოთ კამა ან ოხრახუში.
- ვახშამი: მიირთვით კეფირი და გამომცხვარი ორაგული შემწვარი ბოსტნეულით – ბროკოლი და ბულგარული წიწაკა).
ასევე, დამატებით აუცილებელია ყოველდღიურად მიიღოთ წყალი და უშაქრო სასმელები, მაგალითად მცენარეული ჩაი.
შეჯამება
კეფირის დიეტა წარმოადგენს მიდგომას წონის მენეჯმენტისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გვეხმარება წონის კონტროლში. თუმცა, კეფირი უნდა იყოს დაბალანსებული, საკვები ნივთიერებებით მდიდარი დიეტის ნაწილი.