სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული სანელებელი კურკუმა, რომელსაც ხშირად “ინდურ ზაფრანასაც” უწოდებენ, საუკუნეებია გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე, მედიცინაში.
მისი განსაკუთრებული თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერება კურკუმინით, რომელიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.
განსაკუთრებით საინტერესოა მისი როლი მეტაბოლური სინდრომის, დეპრესიისა და სახსრების პრობლემების დროს.
რა არის კურკუმა
კურკუმა მიიღება მცენარის (Curcuma longa) ფესვებისგან, რომლებიც იფქვება და იქცევა იმ ოქროსფერ-ყვითელ ფხვნილად, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.
მისი მთავარი მოქმედი ნივთიერება, კურკუმინი, პასუხისმგებელია არა მხოლოდ მის მკვეთრ ფერზე, არამედ სამკურნალო თვისებებზეც.
კვლევები აჩვენებს, რომ კურკუმას შეუძლია დაგვიცვას ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა მეორე ტიპის დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბოც კი.
განსაკუთრებით საინტერესოა კურკუმას როლი წონის კონტროლში. მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეხმარება ორგანიზმს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.
ბევრი ადამიანი იღებს კურკუმას უზმოზე, თბილ წყალთან ერთად, რადგან სწორედ ამ დროს არის მისი მიღება ყველაზე ეფექტური.
კურკუმას მიღების წესი
იმისათვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მივიღოთ კურკუმა. ამისათვის კი საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვა.
პირველ რიგში, აუცილებელია მისი მიღება შავ პილპილთან ერთად, რადგან პილპილში არსებული პიპერინი 2000%-ით ზრდის კურკუმას ათვისებას. ასევე მნიშვნელოვანია მისი მიღება ცხიმთან ერთად, რადგან კურკუმინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა.
კურკუმა შეგიძლია მიიღოთ შემდეგნაირად:
- ერთი ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა და 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი, დაამატეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე.
- საღამოს, ერთ ჭიქა თბილ რძეში გახსენით 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა, მწიკვი შავი პილპილი და სურვილისამებრ თაფლი. ეს სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ.
უსაფრთხო დღიური დოზა მერყეობს 4000-8000 მილიგრამს შორის. თუმცა, არსებობს უკუჩვენებებიც: კურკუმა არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ასევე სიფრთხილეა საჭირო გარკვეული მედიკამენტების მიღებისას, განსაკუთრებით ანტიდეპრესანტების, დიაბეტის და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების შემთხვევაში.
სასარგებლო თვისებები
კურკუმას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მათგან გამოირჩევა რამდენიმე, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
მეტაბოლური სინდრომის გაუმჯობესება
მეტაბოლური სინდრომი, რომელსაც ასევე ინსულინრეზისტენტობის სინდრომსაც უწოდებენ, ზრდის დიაბეტის, ინსულტისა და გულის დაავადებების რისკს.
2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმინმა მნიშვნელოვნად შეამცირა ანთებითი ციტოკინები პაციენტების სისხლში რვა კვირის განმავლობაში.
დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების შემსუბუქება
დეპრესია სერიოზული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც იწვევს მოწყენილობას, დაბალ ენერგიას და სიამოვნების განცდის დაკარგვას.
2020 წელს ცხრა კვლევის მიმოხილვამ აჩვენა, რომ კურკუმით დანამატების მიღებისას ადამიანებს აღენიშნებოდათ სიმპტომების მნიშვნელოვანი შემცირება.
ანთების შემცირება
ანთება იმუნური სისტემის დაცვის ნაწილია, თუმცა ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, დაღლილობა, დეპრესია და წონის მატება.
კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმას დანამატების მიღება ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ამცირებს ოქსიდაციური სტრესის მარკერებს და ზრდის ანტიოქსიდანტებს.
თირკმლის დაავადების შემცირება დიაბეტის დროს
თირკმლის დაავადება აზიანებს დიაბეტით დაავადებული ადამიანების ერთ მესამედს. კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმით დანამატების მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს თირკმლის დაზიანების მარკერები და შეამციროს ალბუმინის დონე შარდში, რაც თირკმლის დაზიანების მაჩვენებელია.
ართრიტის ტკივილის შემსუბუქება
ართრიტი სახსრების ანთებაა, რომელიც იწვევს ტკივილს, შეშუპებასა და სიხისტეს. კურკუმას ანთების საწინააღმდეგო თვისებები განსაკუთრებით სასარგებლოა ანთებითი დაავადებების, მათ შორის ართრიტის დროს.
კვლევები აჩვენებს, რომ კურკუმას შეუძლია შეცვალოს პრო-ანთებითი უჯრედები და შეამციროს ანთება ოსტეოართრიტის მქონე ადამიანებში.
შეჯამება
კურკუმა არის უნიკალური სანელებელი, რომელიც აერთიანებს როგორც კულინარიულ, ისე სამკურნალო თვისებებს. მისი სწორად მიღება შეიძლება დაგვეხმაროს ჯანმრთელობის მრავალი ასპექტის გაუმჯობესებაში, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მიღების წესები და უკუჩვენებები.