არომატული და ხრაშუნა სელის თესლი გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით და მისი ჩართვა თქვენს რაციონში ძალიან მარტივია.
ის მდიდარია სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით და მისი შერევა შესაძლებელია დაბლენდერებულ საკვებში, ცომში, სალათებსა თუ სხვადასხვა კერძებში.
რა სასარგებლო თვისებები აქვს სელის თესლს
ქვემოთ ჩამოთვლილია სელის თესლის სხვადასხვა სასარგებლო თვისება, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
1. მდიდარია საკვები ნივთიერებებით
არსებობს ყავისფერი და ოქროსფერი სელის თესლი და ორივე მდიდარია საკვები ნივთიერებებით. ის შეიცავს ცილას, ბოჭკოს, მინერალებს და სხვადასხვა ვიტამინებს. ერთი სუფრის კოვზი სელის თესლი შეიცავს 37 კალორიას, 2 გრამ ბოჭკოს, 3 გრამ ცხიმს.
სელის თესლი განსაკუთრებით მდიდარია თიამინით (B1 ვიტამინი), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმში. ასევე, ის არის სპილენძის წყარო, რაც გავლენას ახდენს იმუნიტეტზე და ტვინის განვითარებაზე.
2. ამცირებს ქოლესტერინის დონეს
სელის თესლი კარგია ქოლესტერინისთვისაც. ერთთვიანი კვლევის მიხედვით, ყოველდღე 30 გრამი დაფქული სელის თესლის მოხმარებამ გამოიწვია LDL ქოლესტერინის 15%-ით შემცირება. მსგავსი დასკვნები დაფიქსირდა 12-კვირიან კვლევაში, როდესაც მოხდა BMI-ის, მთლიანი ქოლესტერინის და არტერიული წნევის შემცირება.
ქოლესტერინზე ეს დადებითი გავლენა შეიძლება მიეკუთვნებოდეს სელის თესლში ბოჭკოს შემცველობას. ბოჭკო აკავშირებს ნაღვლის მარილებს, რომლებიც შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან. ამ ნაღვლის მარილების შესავსებად, ქოლესტერინი სისხლიდან ღვიძლში გადადის, რაც იწვევს საერთო ქოლესტერინის დონის შემცირებას.
3. სელის თესლი მდიდარია ბოჭკოთი
სელის თესლი არის ბოჭკოთი მდიდარი საკვები და ერთი ჩაის კოვზი შეიცავს 2 გრამ ბოჭკოს, რაც რეკომენდებული დღიური ნორმის 5-8% არის. ის შეიცავს ხსნად და უხსნად ბოჭკოებს, რომლებიც ფერმენტირდება ნაწლავებში არსებული ბაქტერიების მიერ, რაც ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელობას.
ხსნადი ბოჭკო შთანთქავს ნაწლავებში არსებულ წყალს და ანელებს საჭმლის მონელებას, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას და ქოლესტერინის შემცირებას. უხსნადი ბოჭკო კი გვეხმარება შეკრულობის თავიდან აცილებაში.
4. შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს
სელის თესლი არის ალფა-ლინოლის მჟავის (ALA) შესანიშნავი წყარო, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავის ტიპი, რომელიც გადამწყვეტია გულის ჯანმრთელობისთვის. ALA არის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავა და ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია მისი წარმოება და მისი მიღება ხდება სხვადასხვა წყაროდან.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სადაც 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ალფა-ლინოლის მჟავის მაღალმა მოხმარებამ გამოიწვია ქოლესტერინის დონის დაქვეითება. ასევე, ეს მჟავა სასარგებლოა ინსულტის და II ტიპის დიაბეტის რისკის შესამცირებლად.
5. არეგულირებს შაქრის დონეს
სისხლში შაქრის დონის რეგულირებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა სელის თესლი. ეს არის მასში შემავალი ბოჭკოს დამსახურება. მას აქვს უნარი ხელი შეუშალოს ინსულინის რეზისტენტობას, მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ორგანიზმის უნარს, ეფექტურად დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე.
ასევე, სელის თესლის დიეტაში ჩართვა შეიძლება მომგებიანი იყოს ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირებისთვის. თუმცა, ამ სარგებლის მისაღებად საჭიროა მთლიანი თესლის მიღება და არა დაფქულის ან სელის ზეთის.
შეჯამება
ასე, რომ სელის თესლი არის ბოჭკოების, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების და სხვა მრავალი საკვები ნივთიერებების შესანიშნავი წყარო. ეს არის მარტივი და ეფექტური საშუალება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.