ვიტამინი D არის საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების განვითარებაში, კუნთოვანი და იმუნური სისტემების ფუნქციონირებაში.
თუმცა, ხშირად ადამიანებს აქვთ D ვიტამინის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა გარემოებებით და ახლავს გარკვეული სიმპტომები.
ამ სტატიაში დეტალურად გაიგებთ თუ რა არის ვიტამინ D-ს დეფიციტი, რა სიმპტომები ახასიათებს მას და საიდან შეიძლება ამ ვიტამინის მიღება.
რა არის D ვიტამინის ნაკლებობა
D ვიტამინის ნაკლებობა ნიშნავს, როდესაც სხეულში ეს ვიტამინი არ არის საკმარისი რაოდენობით. ეს განისაზღვრება, როდესაც სისხლის დონე არის 20 ng/ml-ზე დაბალი. ხოლო, 21-დან 29-მდე ითვლება არასაკმარისად. ზრდასრულმა ადამიანმა ყოველდღე 1500-2000 UI D ვიტამინი უნდა მიიღოს.
მისი ნაკლებობა კი იწვევს სხვადასხვა პრობლემას, როგორიცაა ძვლების და კუნთების ტკივილი. მას ასევე სხვა მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს და ამიტომაც, აუცილებელია ამ ვიტამინის მიღება.
D ვიტამინის დეფიციტი ფართოდ გავრცელებული და გლობალური პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანებზე.
გამომწვევი მიზეზები
ამ ვიტამინის დეფიციტი გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორის გამო: არასწორი კვება, მზეზე ყოფნის ნაკლებობა ან სხეულის უუნარობა სათანადოდ შეიწოვოს ის. მაგალითად, ცელიაკია და კრონის დაავადება.
ანალოგიურად, თირკმელების ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება შეაფერხოს თქვენი ორგანიზმის უნარი გარდაქმნას D ვიტამინი მის აქტიურ ფორმად. გარდა ამისა, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის მიერ D ვიტამინის გადამუშავება.
ზოგადად, ხანდაზმული ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან დეფიციტისკენ, რადგან დაბერებული კანი მზის სხივების ზემოქმედების დროს ნაკლებ D ვიტამინს გამოიმუშავებს. მუქი კანის მქონე პირებს, მეტი მელანინის გამო, მზის ზემოქმედების შედეგად D ვიტამინის გამომუშავების უნარი დაქვეითებული აქვთ.
მიზეზის დადგენის შემდეგ მკურნალობა და პრობლემის გადაჭრა უფრო მარტივია. რა თქმა უნდა, თუ D ვიტამინის ნაკლებობა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები
გაქვთ თუ არა ვიტამინ D-ს დეფიციტი, სხვადასხვა სიმპტომით შეიძლება გაიგოთ. ქვემოთ ჩამოთვლილია D ვიტამინის ნაკლებობის გავრცელებული სიმპტომები.
დაღლილობა
მუდმივი დაღლილობა D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომია, რადგან ეს ვიტამინი გამოიმუშავებს ენერგიას. შესაბამისად, დეფიციტი იწვევს დაღლილობის შეგრძნებას.
D ვიტამინით მდიდარი საკვების დიეტაში ჩართვამ ან მზის სხივების ზემოქმედების გაზრდამ შეიძლება შეამსუბუქოს ეს სიმპტომები. ასევე, შეიძლება გამოიყენოთ საკვები დანამატები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ პროფესიონალს.
შფოთვა და დეპრესია
კიდევ ერთი D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომი არის შფოთვა და დეპრესია. ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის ფუნქციონირებასა და განწყობის რეგულირებაში, რადგან ის ურთიერთქმედებს ისეთ ნეიროტრანსმიტერებთან, როგორიცაა სეროტონინი.
აღსანიშნავია, რომ სეზონური აფექტური აშლილობა (SAD), რომელიც ხშირად გამოწვეულია ზამთარში მზის შეზღუდული ზემოქმედებით, დაკავშირებულია D ვიტამინის დონის შემცირებასთან.
ძვლების და ზურგის ტკივილი
ძვლებისა და ზურგის ტკივილი D ვიტამინის დეფიციტის დამახასიათებელი მიზეზია, რადგან ეს ვიტამინი გადამწყვეტია კალციუმის შეწოვისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის. დეფიციტი ასუსტებს ძვლებს, რაც მათ უფრო მგრძნობიარეს ხდის ტკივილის მიმართ.
ასევე, კვლევების მიხედვით, სწორედ ეს იწვევს ზურგის ქრონიკულ ტკივილსაც. D ვიტამინის დაბალი დონის მქონე პირები უფრო ხშირად განიცდიან ზურგის ტკივილს.
ჭრილობის შეხორცების დარღვევა
ჭრილობების შენელებული ან დაქვეითებული შეხორცება შეიძლება იყოს D ვიტამინის დეფიციტის კიდევ ერთი ნიშანი, რადგან ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილის აღდგენაში.
დაქვეითებულმა შეხორცებამ კი შეიძლება ინფექციები გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, თუ ეს ნამდვილად ვიტამინ D-ს ნაკლებობას უკავშირდება.
თმის ცვენა
კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ალოპეცია არეატას, ავტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს თმის ცვენას. ასევე, შეიძლება გაძლიერდეს სტრესთან დაკავშირებული თმის ცვენაც.
ამ დროს საჭიროა ცვლილებები და განსხვავებულ კვებით დიეტაზე გადასვლა, მეტი ყოფნა მზეზე და ა.შ. თუმცა, შეიძლება თმის ცვენის მიზეზი სულ სხვა რამ იყოს – გენეტიკა, სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი.
შეჯამება
როგორც ხედავთ, D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები განსხვავებულია და აუცილებელია ყურადღების გამახვილება. ზოგადად ეს პრობლემა მრავალ ადამიანს აწუხებს და უნდა ეცადოთ ამ ვიტამინის მიღებას სხვადასხვა წყაროდან, იქნება ეს მზე, საკვები თუ სპეციალური დანამატი.