იაპონური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარია და მოჩი მისი ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.
ეს არის უგემრიელესი დესერტი ხანგრძლივი ისტორიით და დაკავშირებულია იაპონურ ტრადიციებთან და დღესასწაულებთან.
ამ სტატიაში გაიგებთ თუ რა არის მოჩი, როგორ ხდება მისი მომზადება, შენახვა და სხვა საინტერესო ფაქტებს.
რა არის მოჩი
მოჩი არის ტრადიციული იაპონური დესერტი, რომელიც მზადდება სპეციალური ტიპის ბრინჯისგან – მოჩიგომი. ეს არის წვრილმარცვლიანი, წებოვანი ბრინჯი.
იაპონური მოჩი გამოირჩევა ტექსტურით, რაც არის პოლისაქარიდების, ლიპიდების, ცილების და წყლის ნაზავის შედეგი. მოჩიგომის მაღალი ამილოპექტინის შემცველობა მას აძლევს დამახასიათებელ საღეჭ, გელის მსგავს კონსისტენციას.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში მას მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ, ტრადიციულად, მოჩი საახალწლო დესერტია და მისი მომზადება დაკავშირებულია ცერემონიასთან მოჩიცუკი.
აღსანიშნავია, რომ მოჩი განსხვავდება დანგოსგან, კიდევ ერთი იაპონური ტკბილეული. ისინი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა დანგო მზადდება ბრინჯის ფქვილისგან და არა მთლიანი დაფქული ბრინჯის მარცვლების გამოყენებით.
მოკლე ისტორია
მოჩის ისტორია იწყება იაპონიის ადრეული პერიოდიდან და არქეოლოგიური წყაროების მიხედვით, მისი წარმოება გაიზარდა VI საუკუნეში, კოფუნის პერიოდში. თავდაპირველად მოჩი წითელი ბრინჯისგან მზადდებოდა.
ჰეიანის პერიოდში (794-1185 წწ.), მოჩი გახდა ქორწინების და მშობიარობის რიტუალების განუყოფელი ნაწილი. ასევე, სწორედ ამ პერიოდიდან მოდის მოჩის საახალწლო დღესასწაულების დროს მირთმევის ტრადიცია.
მურომაჩის პერიოდში სამურაების კლასში გაჩნდა კაგამი მოჩი – მოჩის ორი რგოლზე მოთავსებული ფორთოხალი, რომელიც საახალწლო დეკორაცია იყო. ამ დროს გაჩნდა კაგამის მოჩის მოჭრის ნაცვლად გატეხის პრაქტიკა, რათა თავიდან აეცილებინათ სულების შეურაცხყოფა.
თანამედროვე იაპონიაში, მოჩი რჩება საახალწლო ზეიმის ცენტრალურ ნაწილად, კაგამი მოჩი კი 28 დეკემბრიდან ყველა ოჯახში შეგხვდებათ.
მოჩის ნაირსახეობები
არსებობს მოჩის სხვადასხვა ტიპი და ნაირსახეობა, რაც დაკავშირებულია იაპონიის სპეციფიკურ დღესასწაულებთან და სეზონებთან. ასევე, არსებობს მოჩის ნაყინი.
საახალწლოდ მზადდება სამი სახეობა – კაგამი მოჩი, როგორც ტრადიციული დეკორაცია და გამოიყენება კაგამი ბირაკის რიტუალში. Zoni არის საახალწლო წვნიანი, რომელიც მოჩის გარდა შეიცავს ბოსტნეულს და კამაბოკოს. და ბოლოს კინაკო მოჩი, შემწვარი და სოიას ფქვილითა და შაქრით დაფარული არის კეთილდღეობის სიმბოლო.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩნდება საკურამოჩი, რომელსაც ტკბილი შიგთავსი აქვს და გახვეულია საკურას ფოთოლში. 5 მაისს, ბავშვთა დაცვის დღეს ორი სახეობა გვხვდება: კაშივა მოჩი, მუხის ფოთოლში გახვეული და ჩიმაკი, ბამბუკის ფოთოლში გახვეული დანგოს ვარიაცია.
3 მარტს, გოგონების დღისთვის (ჰინამაცური), მზადდება ჰიში მოჩი, რომელსაც აქვს რომბის ფორმა და შედგება სამი ფენისგან – წითელი, მწვანე და თეთრი.
მოჩის მრავალფეროვანი სახეობები განსხვავდება არომატით, ტექსტურით და თითოეულ მათგანს განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია, რაც დაკავშირებულია ტრადიციებთან.
მოჩის მომზადების წესი
როგორც ვნახეთ, მოჩი სხვადასხვა რიტუალთან და დღესასწაულთან არის დაკავშირებული, თუმცა მისი მომზადების წესი იცვლებოდა. არსებობს მოჩის დამზადების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდი.
ტრადიციული
მოჩის დამზადების ტრადიციული პროცესი ცნობილია როგორც მოჩიცუკი და გამოიყენება სოფლებში და დღესასწაულებზე. ის სამი ეტაპისგან შედგება.
- გაპრიალებული და დასველებული წებოვანი ბრინჯი ინახება მთელი ღამე და შემდეგ ხდება ორთქლზე ადუღება.
- შემდეგ მოდის დაფქვის ეტაპი, რომლისთვისაც არსებობს ტრადიციული დანადგარი უსუ. ამას სჭირდება ორი ადამიანი – ერთი რომელიც სპეციალური სანაყით ფქვის ბრინჯს, მეორე კი აბრუნებს და ატენიანებს.
- საბოლოოდ, მიღებულ წებოვან მასას აძლევენ ფორმას, ძირითადად მრგვალს.
თანამედროვე
მოჩის მომზადების თანამედროვე წესი უფრო მოსახერხებელი და მარტივია. როგორც წესი, მთელი ბრინჯის მარცვლების ნაცვლად გამოიყენება ტკბილი ბრინჯის ფქვილ (მოჩიკო).
მას ურევენ წყალს და ამზადებენ გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში და ურევენ, სანამ არ გახდება წებოვანი, გაუმჭვირვალე თეთრი მასა. პროცესი მეორდება ელასტიკური, ოდნავ გამჭვირვალე ტექსტურის მისაღწევად.
ასევე, არსებობს თანამედროვე, სპეციალური მოწყობილობები, რომლის დახმარებითაც მთლიანი პროცესის ავტომატიზაციაა შესაძლებელი. მათი საშუალებით შესაძლებელია ელასტიკურობის, კონსისტენციის, არომატის, ტემპერატურის კონტროლი.
შენახვის წესი
მოჩის სწორად შენახვა გადამწყვეტია მისი გამორჩეული ტექსტურის და გემოს შესანარჩუნებლად. მოკლევადიანი შენახვისთვის კარგია მაცივარი, თუმცა ის შეიძლება გახდეს მყარი, თუ დიდხანს შეინახავთ.
გრძელვადიანი შენახვისთვის საუკეთესო ვარიანტია გაყინვა. თითოეული ნაჭერი მჭიდროდ უნდა შეიფუთოს პლასტმასის შესაფუთში ან დაილუქოს პლასტმასის კონტეინერში, რადგან არ გაიჩინოს ყინული. მოჩის შენახვა ამ მეთოდით ერთი წელიც შეიძლება, თუმცა მან შეიძლება დაკარგოს გემო და ელასტიკურობა.
ასევე, გაყინვის გარეშე დიდი ხნით შენახვისთვის იყენებენ ტაპიოკა სახამებელს. თუმცა, რეკომენდებული არ არის მოჩის დიდი ხნით შენახვა და უმჯობესია ახლად მომზადებულის მირთმევა, რადგან არ დაკარგოს გემო.
შეჯამება
მოჩი არის იაპონური კულინარიის გამორჩეული და გემრიელი წარმომადგენელი. მისი მრავალფეროვანი სახეობები და ტრადიციებთან კავშირი, ასახავს მის მნიშვნელობას იაპონურ კულტურაში. გარდა სახეობებისა, არსებობს მისი დამზადების და შენახვის განსხვავებული მეთოდები.